ემიგრაციაში ახდენილი ნატვრა – როგორ დაიწყო ნიკოლამ ქართული საუბარი ბარიდან

ქართული დიასპორული მედია

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დედა, სოფიო ლაღიაშვილი, გვიყვება, როგორ გახდა შესაძლებელი მისი 7 წლის შვილისთვის ქართული ენის სწავლა ონლაინ პროგრამის მეშვეობით და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს ემიგრაციაში გაზრდილი ბავშვებისთვის.

სტატიის ავტორი: თეონა ჭანტურია

იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოფიო ლაღიაშვილი უკვე წლებია ცდილობდა, შვილს ქართულ ენასთან კავშირი არ დაეკარგა. როგორც თავად ამბობს, ეს სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდა მაშინ, როცა მისი შვილი ნიკოლა გაიზარდა და ოჯახის ენობრივი იდენტობის მნიშვნელობა უფრო ნათლად გამოჩნდა.

სოფიო 2011 წლიდან ცხოვრობს იტალიაში. მას ორი შვილი ჰყავს, 20 წლის მარიამი და 7 წლის ნიკოლა. იგი ბარიში სილამაზის სალონში ფრჩხილების სპეციალისტად მუშაობს და ყოველდღიურ დატვირთულ ცხოვრებაში ყოველთვის ცდილობდა, შვილებისთვის ქართული გარემო და იდენტობა შეენარჩუნებინა.

მისი თქმით, დიდი ხნის სურვილი იყო, ნიკოლას ქართული ენა სრულყოფილად ესწავლა, თუმცა შესაბამისი შესაძლებლობის პოვნა მარტივი არ აღმოჩნდა. სიტუაცია შეიცვალა მაშინ, როდესაც საქართველოდან მიიღო ინფორმაცია განათლების სამინისტროს პროგრამის შესახებ, რომელიც ემიგრანტ ბავშვებს ონლაინ რეჟიმში ქართული ენის შესწავლას სთავაზობს.

რეგისტრაცია განხორციელდა სამინისტროს სპეციალურ პლატფორმაზე, სადაც მშობელს შეუძლია აირჩიოს მასწავლებელი ბავშვის ასაკის, ცოდნის დონისა და სასურველი გრაფიკის მიხედვით. სოფიომ არჩევანი გააკეთა მასწავლებელ მირანდა იაკობიძეზე.

მისი შეფასებით, მირანდა იაკობიძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მოთმინებითა და ბავშვებთან მუშაობის განსაკუთრებული უნარით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ერთმანეთის ენას ჯერ სრულად ვერ ფლობენ, მასწავლებელი ახერხებს თითოეულთან ინდივიდუალურ მიდგომას და მასალის გასაგებად გადმოცემას.

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ოთხშაბათს, ონლაინ რეჟიმში, ე.წ. „პომერიჯოს“ პერიოდში. ჯგუფში ოთხი ბავშვია — ნიკოლას გარდა, ორი და სტამბოლიდან და ერთი ბავშვი გერმანიიდან. როგორც სოფიო აღნიშნავს, მცირე ჯგუფი ხელს უწყობს ეფექტურ სწავლებას და თითოეულ ბავშვს საკმარისი დრო ეთმობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაკვეთილები 30-35 წუთს გრძელდება და თამაშის ფორმატში მიმდინარეობს, რაც ბავშვებს არ აძლევს გადაღლის საშუალებას და ინარჩუნებს მათ ინტერესს.

სოფიოს თქმით, შედეგი მალევე გახდა შესამჩნევი — ნიკოლამ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ უკვე დაიწყო მარტივი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება. მან ისწავლა ფერები, ოჯახის წევრების სახელები და ყოველდღიური საგნების დასახელება. გაკვეთილების შემდეგ ბავშვი აქტიურად იმეორებს ჩათში გაგზავნილ მასალებს და დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას.

ემიგრანტი დედა ასევე აღნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართვის პროცესი ორგანიზებულად და სწრაფად განხორციელდა — რეგისტრაციიდან ერთი კვირის განმავლობაში მიიღო დასტური ელექტრონული ფოსტით, რის შემდეგაც მალევე ჩამოყალიბდა ჯგუფი და დაიწყო სწავლება.

სოფიო ლაღიაშვილისთვის ეს პროგრამა არა მხოლოდ საგანმანათლებლო შესაძლებლობა, არამედ ემოციური მნიშვნელობის მატარებელია. მისი თქმით, ქართული ენის სწავლა შვილს აძლევს შესაძლებლობას, არ დაკარგოს კავშირი საკუთარ ფესვებთან და კულტურასთან.

„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. როგორც იქნა, ნატვრა ამიხდა,“ — ამბობს სოფიო და განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს განათლების სამინისტროსა და მასწავლებელ მირანდა იაკობიძეს.

მისი ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამები ემიგრაციაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომელთაც ხშირად უწევთ საკუთარი ენისა და იდენტობის შენარჩუნება უცხო გარემოში.

Exit mobile version