ემიგრაცია დედასთან ერთად და ვიზიტი ამერიკაში – თიკა ღონიაშვილი ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტის“ რუბრიკაში

Aprioritv

19 წლის თიკა ღონიაშვილი უკვე 7 წელია ემიგრანტია. თავდაპირველად, ის დედის მონატრების გამო და მასთან ერთად ცხოვრების მიზნით ჩამოვიდა, რომელიც მასზე ადრე გახდა ემიგრანტი. თიკას დედის გარეშე ყოფნა ძალიან უჭირდა. ,,დედა აქ 10 წლის წინ ჩამოვიდა. მე და დედას ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მას ყოველთვის შეეძლო ჩემთვის არამარტო დედა ყოფილიყო, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც, ამის გამო ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ყოფნა. მიუხედავად იმ სირთულეების, რასაც დედა გადიოდა აქ, ყოველთვის შეეძლო არ შეემჩნია და ცდილობდა გავეხალისებინე, რომ არ მეგრძნო სიშორე. ძალიან ძლიერი ქალია, რის გამოც მისით ვამაყობ და მადლობელი ვარ იმ თვისებების, რაც დღეს მე მისგან გამაჩნია.”– გვიყვება ახალგაზრდა ემიგრანტი

თიკა ამჟამად სკოლის მოსწავლეა. სასწავლებელში პირველი დღე მისთვის ემოციური და ცოტა შიშის მომგვრელიც კი იყო, რადგან არ იცოდა რა ელოდა, თუმცა თანატოლებმა და მასწავლებლებმა იგი თბილად მიიღეს.

ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, იტალიაში ცხოვრება თავიდან წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, თუმცა მის გულში ამ ქვეყანამ დიდი ადგილი დაიკავა. როგორც ყველა ემიგრანტს, თიკასაც აქ ენის ბარიერის პრობლემა დახვდა, თავიდან მან სულ რამოდენიმე სიტყვა იცოდა, მისი მიზანი კი იტალიურის კარგად შესწავლა გახდა და ერთ წელში ენა სრულყოფილად შეისწავლა. ,,საბედნიეროდ, ვეცადე ენის არ ცოდნის გამო არ ჩავკეტილიყავი ჩემ თავში, პირიქით ვცდილობდი ყოველ დღე რამე ახალი სიტყვა მესწავლა, ამ ქვეყანამ თავისი ადამიანებით, თავისი კულტურით და თავისი სილამაზით თავი შემაყვარა”

თიკამ მეგობრები მარტივად გაიჩინა, თავდაპირველად მან საზაფხულო ბანაკის პროგრამა გაიარა, სადაც ბევრი იტალიელი მეგობარი შეიძინა. იგი აღნიშნავს,რომ მის თანატოლებს ყველაფერი აინტერესებდათ საქართველოს შესახებ. ,,პირველად რომ შევხვდი მათ, კითხვას მისვამდნენ საქართველოზე. უნდოდათ ქართული სიტყვების სწავლაც, აინტერესებდათ ქართველი ბავშვები თავისუფალ დროს რას აკეთებდნენ და მეც ნელ ნელა ყველაფერს ვუყვებოდი და ვასწავლიდი.”

ახალგაზრდა ემიგრანტის ერთ-ერთი წარმატება ამერიკაში, Change the world model UN პროგრამის ფარგლებში ვიზიტია, სადაც მან საინტერესო გამოცდილება მიიღო და მსოფლიო სხვა თვალით დაინახა. ,,საინტერესო პროექტი იყო. გაერთიანებული სახელმწიფოების შენობაში ვიყავით როგორც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მე პირადად ჩილეს ელჩის როლი მოვირგე და წარვადგინე ამ ქვეყნის პრობლემები სხვა ქვეყნებთან ერთად. ამ წამოწყებამ არამარტო მომცა საშუალება მესწავლა ბევრი რამ სხვადასხვა ქვეყანაზე არამედ აღმომეჩინა ჩემი ინტერესები”

აღნიშნული გაცვლითი პროგრამის შემდეგ, თიკამ მომავალი პროფესიაც აირჩია. მან გადაწყვიტა პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შეწავლა. იგი სწავლას იტალიაში გააგრძელებს. ,, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნების კულტურის და მოვლენების გაცნობის გამო მივიღე. ბავშვობიდანვე სულ მაინტერესებდა ის, თუ რა ხდება მსოფლიოში.”

ახალგაზრდა ემიგრანტი საქართველოში ხშირად დადის და შორეულ მომავალში იგი იქ დაბრუნებას გეგმავს. ,,იტალია ძალიან მიყვარს, მაგრამ საქართველო კი ყოველთვის პირველ ადგილი იქნება ჩემთვის. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებიც იქ არიან”

რას ურჩევდა ემიგრანტ თანატოლებს? ამ კითხვაზე თიკა ასე გვპასუხობს: ,,თანატოლებს და არა მხოლოდ მათ მე ვურჩევდი, რომ უკან არასოდეს დაიხიონ იმ შიშის გამო, რომ რაღაც არ გამოუვათ. მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი, რასაც გულით მოინდომებენ, შესაძლებელია. მინდა, ყველა მათგანს ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. ვიცი, რა რთულია სხვა ქვეყანაში საკუთარი თავის პოვნა და მითუმეტეს დამკვიდრება.”

,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრაბტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.

სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა














Exit mobile version