BREAKING

ემიგრანტის გზამკვლევი

ბადანტე: რამდენ ხანს შეუძლია დარჩეს სახლში, მოსავლელი პირის გარდაცვალების შემდეგ?

მოსავლელი პირის გარდაცვალება ბადანტესთვის ავტომატურად ნიშნავს შრომითი ურთიერთობის დასრულებას. თუ დამსაქმებელი თავად იყო ის მოხუცი, რომელსაც ბადანტე უვლიდა, მისი გარდაცვალება სამართლებრივად ითვლება სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, ფაქტობრივად, ეს არის გათავისუფლება სამსახურიდან.

თუ ბადანტე ცხოვრობდა მოხუცის სახლში ოფიციალური თანაცხოვრების (convivenza) ხელშეკრულების საფუძველზე, მას აქვს უფლება დარჩეს საცხოვრებელში წინასწარი გაფრთხილების (preavviso) ვადის განმავლობაში.


რამდენია წინასწარი გაფრთხილების ვადა?

ვადა დამოკიდებულია:

  • კვირაში სამუშაო საათებზე
  • იმაზე, რამდენი წელი მუშაობდა ბადანტე იმავე დამსაქმებელთან

კონკრეტულად:

  • 15 დღე – თუ კონტრაქტი იყო 25 საათზე მეტი და სტაჟი 5 წლამდე
  • 30 დღე – თუ კონტრაქტი იყო 25 საათზე მეტი და სტაჟი 5 წელზე მეტი
  • 8 დღე – თუ კონტრაქტი იყო 25 საათზე ნაკლები და სტაჟი 2 წლამდე
  • 15 დღე – თუ კონტრაქტი იყო 25 საათზე ნაკლები და სტაჟი 2 წელზე მეტი

მაგალითად, თუ ბადანტე 30 საათიანი კონტრაქტით 5 წელზე მეტხანს მუშაობდა, მას შეუძლია სახლში დარჩენა მაქსიმუმ 30 დღით.


რა ვალდებულება აქვთ მემკვიდრეებს?

თუ გარდაცვლილი პირი იყო დამსაქმებელი, ბადანტეს გათავისუფლების პროცედურას აწარმოებენ მემკვიდრეები. მათ:

  • ფორმალურად უნდა აცნობონ გათავისუფლება (raccomandata ან PEC);
  • დაიცვან წინასწარი გაფრთხილების ვადა
    ან
  • გადაუხადონ წინასწარი გაფრთხილების სანაცვლო კომპენსაცია (indennità sostitutiva).

თუ მემკვიდრეები აირჩევენ კომპენსაციის გადახდას, ბადანტემ საცხოვრებელი უნდა დატოვოს დაუყოვნებლივ.


რა ეკუთვნის ბადანტეს გათავისუფლების შემდეგ?

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან გადაიხადონ:

  • ბოლო თვის ხელფასის შესაბამისი ნაწილი (გარდაცვალების თვიდან გამომდინარე);
  • TFR (შრომითი ურთიერთობის დასრულების კომპენსაცია);
  • მე-13 ხელფასის დაგროვილი ნაწილი;
  • გამოუყენებელი შვებულებისა და ნებართვების ანაზღაურება.

თუ თანაცხოვრება არ იყო ოფიციალურად გაფორმებული?

თუ ბადანტე სახლში ცხოვრობდა მხოლოდ მოხუცის კეთილი ნებით და ეს არ იყო შრომითი ხელშეკრულების ნაწილი, მას სამართლებრივი უფლება დარჩენაზე არ გააჩნია — გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს წერილობითი სპეციალური დათქმა (მაგალითად, უზუფრუქტი).


როდის შეიძლება გათავისუფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე?

თუ არსებობს „სამართლიანი მიზეზი“ (giusta causa), მაგალითად:

  • ქურდობა
  • მძიმე დაუდევრობა
  • სერიოზული დარღვევა მოვალეობებში

ამ შემთხვევაში ბადანტე კარგავს წინასწარი გაფრთხილების უფლებას და საცხოვრებელი უნდა დატოვოს დაუყოვნებლივ.


დასკვნა

ბადანტეს შეუძლია დარჩეს სახლში მხოლოდ წინასწარი გაფრთხილების ვადის ფარგლებში თუ ეს გათვალისწინებულია კონტრაქტით. მემკვიდრეებს ეკისრებათ როგორც ფორმალური, ისე ფინანსური ვალდებულებები.

ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი შრომითი და საცხოვრებელი უფლებები, რათა არ აღმოჩნდეთ დაუცველ მდგომარეობაში.

AprioriTV — ემიგრანტების ხმა იტალიაში.


📣 AprioriTV-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია Loro degli Argonauti.
✈️ ავიაბილეთების დასაჯავშნად დაუკავშირდით პროფესიონალ ოპერატორს

WhatsApp +39 377 373 0045 და მიიღეთ თქვენზე მორგებული მომსახურება.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts