ფლორენციაში, “Casa di Dante”-ს (დანტეს სახლი) საგამოფენო სივრცეში ქართველი ემიგრანტი მხატვრის, ირმა ცინცაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება სახვითი ხელოვნების საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

ირმა ცინცაძემ ხატვისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც — ასწავლიდა ხელოვნებასა და ხატვას როგორც დაწყებით, ასევე უფროს კლასებში. არის საბავშვო ლექსების კრებულის ილუსტრაციების ავტორი.
რამდენიმე წლის წინ ხელოვანი ემიგრაციაში წავიდა და ცხოვრება იტალიაში გააგრძელა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, იგი მუდმივად პოულობს დროს საყვარელი საქმისთვის და აქტიურად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. არის ფლორენციის “Gadarte”-ს ჯგუფისა და სახვითი ხელოვნების საზოგადოება „არტისტთა წრის“ წევრი. მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში, როგორიცაა “ANTEAS”-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა და ფესტივალი “L’eredità delle donne”.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფერწერულ გამოფენებზე: “Colori e sogni”, “La bella stagione”, “Sala delle Colonne”, “Acquarel Grafica Sculturando”, ასევე თანამედროვე მხატვართა გამოფენაზე გალერეა Gadarte-ში და Casa di Dante-ს წევრთა ჯგუფურ ექსპოზიციებში.
იტალიაში ქართველი არტისტის შემოქმედებამ ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რაც პერსონალური გამოფენის ჩატარების საფუძველიც გახდა. გამოფენაზე წარმოდგენილია ემიგრაციაში გატარებული შვიდი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.
ღონისძიებაზე იტალიელი მხატვრებისა და ხელოვნების კრიტიკოსების მხრიდან გამოითქვა მაღალი შეფასებები. მათი თქმით, ირმა ცინცაძე ინდივიდუალური ხელწერის მქონე არტისტია, რომლის ემოციური და დახვეწილი ნამუშევრები გამოირჩევა სიზუსტითა და აკადემიური სტილით. ნათელი, ჰარმონიულად შეხამებული ფერები და ცოცხალი ნიუანსები მის ფერწერას განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ანიჭებს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი პორტრეტები ცხადყოფს, რომ ხელოვანი პატივს სცემს საკუთარ ფესვებს და ქმნის ქალთა სახეებს ტრადიციულ ქართულ სამოსში.
დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ნახვა 19 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.
სტატიის ავტორი: ია წიკლაური / AprioriTV / იტალია