„ბოდიშს გიხდი, რომ დროებით დაგტოვე, მაგრამ არასოდეს მიმიტოვებიხარ“ – ემიგრანტი მწერლის ზაზა ლომსიანიძის აღსარება

ემიგრაციაში გატარებული წლები, დედის დაკარგვით გამძაფრებული სევდა და სამშობლოში დაბრუნების ურყევი სურვილი — ეს არის ის მთავარი თემები, რომლებზეც ემიგრანტი მწერალი ზაზა ლომსიანიძე საუბრობს. მისი მონათხრობი პირად ტკივილსა და რწმენაზე დგას, ხოლო საქართველო მისთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული სივრცეა, არამედ ფესვები, იდენტობა და საბოლოო დაბრუნების გზა.

ინტერვიუ ჩაწერა თეონა ჭანტურიამ

— ბატონო ზაზა, რა წერილს მისწერდით დედას?

— სამწუხაროდ, დედა გარდაცვლილი მყავს… ხშირად მახსენდება კონსტანტინე გამსახურდია და მისი რომანი მთვარის მოტაცება. თარაშ ემხვარის წერილი დედას ჩემთვის მხოლოდ ლიტერატურული ტექსტი არ არის — ეს არის ემიგრანტის შინაგანი დიალოგი ფესვებთან.
ხშირად ვფიქრობ: ასი წლის რომ გავმხდარიყავი და ასი წელი უცხოეთში მეცხოვრა, თუ ვიცოდი, რომ შინ მელოდებოდა დედა — ვიტყოდი, ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში.
ახლა კი, როცა ათი თვეც არაა გასული დედის წასვლიდან, დრო ას წლად მეჩვენება. ეს განცდა, ეს სიცარიელე — ემიგრაციაში განსაკუთრებით მძაფრდება. აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია…

— რა არის თქვენთვის სიყვარული?

— სიყვარული არის უბრალოება. უფალი თავად დაიბადა უბრალოებით და ამ უბრალოებაშია სიდიადე. სადაც უფალია, იქ სიყვარულია. სიყვარული არ არის ხმამაღალი სიტყვები — ეს არის თანადგომა, მიტევება, შინაგანი სიმშვიდე. ემიგრაციაში ყოფნა ამ გრძნობას უფრო გიმძაფრებს — როცა შორს ხარ, ხვდები, რომ სიყვარული არის ის ძაფი, რომელიც შენს მიწას და შენს გულს ერთმანეთთან აკავშირებს.

— თქვენი მიზნები და გეგმები?

— ჩემი მიზანი ერთია: დაბრუნება. დაბრუნება საქართველოში, მამაპაპისეულ ფუძეზე. იქ, სადაც წინაპართა ნაკვალევია, სადაც ჩემი ბავშვობის სუნი და ხმებია. მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მათ იცხოვრეს — მათი ფესვების გაგრძელებად. ემიგრაცია ჩემთვის დროებითი ეტაპია, შინ დაბრუნება კი — საბოლოო გზა.

— წლების ემიგრანტი რას ეტყოდით საქართველოს?

— ვეტყოდი იმას, რასაც გულანთებული ქართველი იტყვის: ქედს ვიხრი შენს წინაშე. მიყვარხარ, ჩემო საქართველო. ჩემო მიწაწყალო, ჩემო მიწანატერფალო.
დედაღვთის წილხვედრო ქვეყანავ, წმინდა წინაპართა საძვალევ, ბოდიშს გიხდი, რომ დროებით დაგტოვე, მაგრამ არასოდეს მიმიტოვებიხარ. შენდობას გთხოვ და გპირდები — აუცილებლად დაგიბრუნდები, უფლის წყალობით.

სტატიის დასასრულს გთავაზობთ მწერლის ორ ლექსს, სადაც ემიგრაციის ტკივილი, დედის ხსოვნა და სამშობლოსთან უხილავი კავშირი სიტყვებად გადმოსცა.

ჯვარს რომ იწერდა იმ ღამეს მერი,
უჩვეულს გრძნობდა გალაკტიონი,
წუხდა ზეცა და….. ნახევარ მთვარე,
ცრემლით ავსებდა ნაპირს რიონი..

რაკი ლექს თხზავდა გალაკტიონი ,
გარინდულიყო ირგვლივ ბუნება,
მის ბუმბერაზულ კრებულის ნუსხას,
ვერას დააკლებს ჟამთა ცდუნება..

გენიალური გრძნობების მეფემ ,
უცხოდ ქალბატონს მიუძღვნა ნება.,
ვერ ემალება მის თვალთა ხედვას,
სახელად მერი…მზე გაბრწყინება..

წარმოსახვითვე შეიცნო მუზად ,
კოკო შანელის….მოდელი ქალი ,
სულს ფორიაქი, სუნთქვის ნაწილი ,
მოსიყვარულე ვით სიო მკრთალი..

მდუმარე წერდა ნაფიცარ ფრაზებს.,
სუფთა წყურვილით წყუროდა მერი,
სახლობდა მასში შარმი ვარდობის,
და.. გვირილების თეთრი ნამქერი..

თითქოს არიცნობს,არადა ხიბლავს,
პატარძლის კაბით….ოხ მერი..მერი.,
დამწველი მზერა მაგ თვალთა ფერი,
მგოსან-ხელმწიფის თავგზის ამრევი..

მერის ადგამენ… ფატას და ფარჩას,
სდუმს დანისლული მშვიდად სიონი,
ტყვეთა გრძნობებში პოეტთა მეფე,
დედოფლის გარეშე გალაკტიონი..?

ერთობ გაეყოთ…გზები ცალცალკე,
თითქოს და ცვდება…ის სიყვარული,
გრძნობა კი ერთი, რჩება სამყაროდ,
ჩუმად ატაროს კვლავ დაფარული..

უდაოდ ნანობს მცდარ ბედისწერას,
ფიქრობს უსასრულს,დგას დამნაშავე,
მაშ ვისთვის წერა გულმოდგინებით.,
მთაწმინდის მთვარე თუ მესაფლავე..

ბედის ირონია…შემთხვევას ყინავს,
წამი წუთს მისდევს ღირს მოგონება,
გარდასულ დღეთა აისი ბრწყინავს.,
გულის წიაღში სთვლემს შთაგონება..

გალაკტიონის მუზა და
კოკო შანელის მოდელი
მერი შერვაშიძე..

დამღალა ტკივილმა
ღიმილის მიღმა.,
მუზებმა განავრცო
ნაფიქრი სათქმელი….
წყვდიადი დაიძრა.,
თანდათან თენდება.,
ღამე გარდასული
ჩაიწვა სანთელი……
სინდის— ნამუსო..,
გონია დაბერდით.?
გზა არ მოკლდება
ცალსახად ულევი…
ვის ახსოვს წარსული.,
ვის ჯერავს მომავლის.,
თუ როგორ ტაატით
მიგორავს ურემი…..
უცვლელო სინდისო.,
უცვლელო ნამუსო.,
დრო არ ჩერდება
სამეფოდ მყოფელი…
წამებით ტანჯული
წინ ბეწვის ხიდია.,
წვალების შეიქმნა
წუთისოფელი…
თქვენ რატო გერჩიან
სინდის– ნამუსო.,
სიკეთის ხნულებს ხომ
სწორად ავლებდით…..
რამდენჯერ იწვნიეთ
შოლტი და მათრახი.,
გულის სატკივარს
არასდროს ავლენდით…
მადლობით თესავდით
სხვები კი იმკიდნენ.,
მოვალედ ჩაგთვალეს
მორცხვი და მდაბალი…
რწმენაც კი შელახეს
დღეგრძელად მავალი.,
წეს-ადათს ჩვეული.,
ალალი…..მართალი….
სინდის– ნამუსო
მიგორავს ურემი.,
უღელს ხართ ჩვეული
თვით განუყოფელი…
აღვირახსნილად
მიჰქრის დროება.,
მტყუან მართალის
წუთისოფელი………….!

Exit mobile version