აღდგომის ღამეს, იტალიაში, ქალაქ ბარში მდებარე ქართულ ტაძარში ასობით ქართველი შეიკრიბა. მათ შორის განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პატარა ემიგრანტი ბავშვების ყოფნა – ბავშვები, რომლებიც საქართველოს სიყვარული გულში დაატარებენ, ქართულად ფიქრობენ და ქართულად ოცნებობენ. მათგან ერთ-ერთი 10 წლის გაბრიელია, რომლის გულწრფელი სიტყვები სამშობლოზე მონატრებისა და ქართული კულტურის შენარჩუნების შესახებ ყველას ღიმილს ჰგვრის და დაფიქრებას აიძულებს.
საქართველოზე მეტად არაფერი მენატრება — მითხრა 10 წლის გაბრიელმა, ემიგრანტმა ბიჭმა, რომელიც აღდგომის ღამეს, ზიარების რიგში მდგომი, მეგობარს ასე ესაუბრა:
„ზიარება იცი რა არის? სამოთხე იცი? ხოდა, სამოთხეში ვერ მოხვდები ზიარების გარეშე“ — და ამ სიტყვებმა გარშემომყოფებში ტკბილი ღიმილი გამოიწვია.
აღდგომის ღამეს, იტალიაში ასობით ქართველი შეკრებილიყო ეკლესიაში. ყველა ერთად იყო, ერთ მუშტად, და რაც ყველაზე სასიხარულო იყო — იქ უამრავი ქართველი ბავშვიც იმყოფებოდა.
გაბრიელს გამოვეყავი და მას საქართველოზე ვესაუბრე.
— „მიყვარს ჩემი საქართველო და ძალიან მენატრება. სადაც არ უნდა ვიცხოვრო, საქართველოს ვერაფერი შეედრება,“ — ამბობს ის.
როცა ვკითხე, რა განსხვავებაა მისთვის იტალიასა და საქართველოს შორის, მიპასუხა:
— „ჩვენთან ყველას კეთილი გული აქვს, საქართველოში ყველა ერთმანეთს ხელს უწვდის. აქ, იტალიაში კი ჩაკეტილები არიან თავიანთ ნაჭუჭში.“
გაბრიელს განსაკუთრებით უყვარს მათემატიკა, სკოლაში კი მაღალი შეფასებები აქვს. ამბობს, რომ ჯერ უნდა დაასრულოს სწავლა იტალიაში, შემდეგ კი – „ვნახოთ რა იქნება, მამა ასე ფიქრობს.“

გაბრიელის მშობლები და ძმა
დიდ სიყვარულს გამოხატავს მშობლების მიმართ:
— „არასდროს დავივიწყებ დედაჩემის და მამაჩემის ამაგს. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ბევრს შრომობენ და დაღლილები ბრუნდებიან სახლშიო.“
გაბრიელმა ქართულ საკვირაო სკოლაში ბევრი რამ ისწავლა — წერა, კითხვა, სიმღერა. ახლა ქართულ ცეკვებზე დადის:
— „ძალიან ამაყი ვარ, როცა ასობით ადამიანის წინ ვცეკვავ ქართულ საღამოებზე.“
გაბრიელს განსაკუთრებით ენატრება საქართველოში ერთად შეკრებილი ბავშვების ხმაური და ის სიმშვიდე, რასაც ქართველ მშობლებს სამშობლოში სთავაზობს გარემო:
— „აქ მშობლებს ბევრი რამ აშინებთ, იქ — არა.“
ყველაზე რთულად საქართველოს დატოვების წლები ახსენდება და უცხო ენასთან ადაპტაციის სირთულეები. მაგრამ დღეს გაბრიელი უკვე სრულფასოვნად არის ინტეგრირებული, სწავლობს, ვითარდება და გულში ტარებს დიდ სიყვარულს საქართველოსადმი.
ეს ბიჭი გაბრიელ შემშენოვია. მისი მშობლები ანა მაჭარაშვილი და დიმიტრი შემშენოვები არიან. ჰყავს ძმა — როლანდი, ისიც ჭკვიანი და თბილი ბავშვია.
და ბოლოს, მინდა ვუთხრა ყველა ემიგრანტ მშობელს — გავზარდოთ შვილები ქართულად, ვასწავლოთ ქართული წერა, კითხვა, სიმღერა, ცეკვა, ვაზიაროთ ქართულ კულტურას. ასე გადავარჩენთ ჩვენს აწმყოს და მომავალს — ქართულ ჯიშსა და ჯილაგს.
ჩემო გაბრიელ, შენ და შენნაირმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა დაბრუნოთ საქართველოში, დარგოთ ვაზი, იმღეროთ მრავალჟამიერი მუხასა და ორიველა, და გაზარდოთ შენი მსგავსი შვილები — ანასავით და დიმიტრივით მშობლების ხელით გაზრდილი. როცა ასე იქნება — ქართული ჯიშის გადაშენება გამორიცხულია, თუნდაც მსოფლიოს რომელ კუთხეში ვიყოთ.
ავტორი: თეონა ჭანტურია