იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ხშირად რთულია არა მხოლოდ შრომითი გარემო, არამედ ელემენტარული სოციალური სივრცის პოვნა, სადაც საკუთარ კულტურას შეინარჩუნებენ და ერთმანეთს შეხვდებიან. სწორედ ასეთ პერიოდში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს სიცარიელე საკუთარი ძალებით შეავსო.
საბინო დე რაცა იტალიელი მოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სოციალურ და კულტურულ საქმიანობაში, ქართველ ემიგრანტებს არა მხოლოდ მხარდაჭერას, არამედ რეალურ სივრცეს სთავაზობდა.
სტატიის ავტორი: ხათუნა შარაძე, თეონა ჭანტურია
როგორ დაიწყო ყველაფერი
დაახლოებით ათი წლის წინ, მაშინ როცა ქალაქში არ არსებობდა არც ქართული რესტორნები და არც შეკრების ადგილები, საბინო ხშირად ხედავდა ქართველ ქალებს, რომლებიც ხუთშაბათსა და კვირას საჯარო სივრცეებში, მათ შორის ბარისა და პიაცა უმბერტოს მიდამოებში იკვებებოდნენ.
ამ სურათმა მას გადაწყვეტილება მიაღებინა გაეხსნა ადგილი, სადაც ქართველ ქალებს შეეძლებოდათ უფასოდ დასხდომა და საკუთარი სახლიდან მოტანილი საკვების მიღება.
მან ვია სუპაზე შექმნა ასეთი სივრცე, რომელიც ორ წელზე მეტხანს ფუნქციონირებდა.
მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ სივრცით არ შემოიფარგლა
შემდგომში საბინო დე რაცამ ქართველებისთვის საკუთარი ასოციაციის სივრცეც გახსნა, სადაც იმართებოდა საერთო სადილები, დაბადების დღის ღონისძიებები, იტალიური ენის კურსები და კულტურული და სოციალური შეხვედრები. ყველა ეს აქტივობა ხუთშაბათსა და კვირას სრულად უფასოდ იყო ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, იგი ხშირად ეხმარებოდა ემიგრანტებს პრაქტიკულ საკითხებში დოკუმენტების, ბიუროკრატიული პროცედურებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული სირთულეების გადაჭრაში. საჭიროების შემთხვევაში, პირადადაც ახლდა მათ შესაბამის დაწესებულებებში.
რას ხედავს ის ქართველებში
საბინო დე რაცას განსაკუთრებულად შთაბეჭდილებას ახდენს ქართველი ემიგრანტების შინაგანი ძალა.
მისი თქმით, მიუხედავად მძიმე შრომისა და რთული ცხოვრების პირობებისა, ქართველები აქტიურად ინარჩუნებენ საკუთარ კულტურას მღერიან, წერენ, მონაწილეობენ თეატრში, ინარჩუნებენ რელიგიურ ტრადიციებს და ამით არ კარგავენ კავშირს სამშობლოსთან.

საქართველო მისი თვალით
საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა იმ ადამიანების გავლენით, რომლებსაც წლების განმავლობაში შეხვდა.
ის საუბრობს საქართველოს ბუნების სილამაზეზე, მუსიკაზე და განსაკუთრებით ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, რომელიც მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენას არ ფლობს, უკვე იცნობს რამდენიმე ქართულ სიტყვას და გამოთქვამს სურვილს, მომავალში აუცილებლად ეწვიოს საქართველოს.
საბინო დე რაცა დარწმუნებულია, რომ ემიგრანტების შრომა და გამოცდილება მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს განვითარებაში.
მისი შეფასებით, სწორედ ის ცოდნა და კულტურული გამოცდილება, რომელსაც ქართველები საზღვარგარეთ იძენენ, გახდება საფუძველი ქვეყნის მოდერნიზაციისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს იტალიელ მეგობარს, საბინოს. გვიყვარს და ვაფასებთ“ – ამბობს დონა ჯუღელი
„ბევრი კარგის თქმა შემიძლია ამ კარგ ადამიანზე, უცხო ქვეყანაში, სადაც თითქმის შენი თავის დამკვიდრება და წარმოჩენა ძალიან რთულია, სწორედ ეს ადამიანი ყოველთვის მზად არის თითუეულს ვინც კი შეაწუხებს აუცილებლად დაეხმარება… უამრავი კარგი საქმე აქვს პირადად ჩემთვის გაკეთებული, რისთვისაც უდიდესი მადლიერი ვარ. როცა პირველად გავიცანი ვიგრძენი რომ ბევრი კარგის გაკეთება შეეძლო ნიჭიერი ხელოვანი ემიგრანტებისთვის, მოვინდომე ყველას გაეცნო და წარმოეჩინათ თავიანთი თავი, მისი დახმარებით ჩამოყალიბდა ,,კვარტეტი” ჩატარდა უამრავი ღონისძიებები, გახსნა იტალიურის შემსწავლელი კურსები ქართველებისთვის.. შეგვახვედრა ქალაქის მერს, რადგან ჩვენს მომღერალ „იავნანელებს“ ქონოდათ სამეცადინო მყუდრო მუსიკალური ოთახი, რაც ნამდვილად გამოვიდა … ასეთი ბევრი, ბევრი კარგი საქმე, ამიტომ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს იტალიელ მეგობარს საბინოს გვიყვარს და ვაფასებთ“.
ირინა თავაძე: „საბინო გავიცანი ჩამოსვლის შემდეგ, მალევე, ეს ადამიანი განსაკუთრებულია, მისი სიკეთით და ემიგრანტების გვერდით დგომით, მისი დამსახურებააა კვარტეტი იავნანას იტალიის ქალაქ ბარის გამგეობისთვის წარდგენა რომ შემოქმედებაზე გვემუშავა კომფორტულ სივრცეში და საკონცერტო დარბაზების მოძიება საოგანიზაციო საქმეში და არა მარტო ჩვენი დახმარება, ეს ადამიანი უანგაროდ უწვდიდა ხელს ყველა ემიგრანტს და ეხმარებიდა და ეხლაც ეხმარება უღრმესი მადლობა ბატონ საბინოს დიდ მეგობარს და კეთილშობილ ადამიანს“