BREAKING

ემიგრაციაიტალია

„ის, ალბათ ამ სათვალის გაყიდვას ქართველებში ეცდება. გთხოვთ თუ ვინმე იყიდით…“- ემიგრანტის წერილი

საემიგრაციო მედიამაუწყებელ AprioriTV-ს, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლელა ლაჩაშვილი დაუკავშირდა და გვთხოვა, ისტორია, რომელიც მას და მის მეგობარს გადახდათ, ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა:

ლელა ლაჩაშვილი: დილა მშვიდობის ქართველებო, ილიას თქმის არ იყოს “რა გითხრათ, რით გაგახაროთ” მაგრამ სალამი ხვთისააო და მისალმებით დაიწყო, ის ამბავიც რაც ახლა უნდა მოგიყვეთ: გუშინ, შაბათს საღამოს “ბარი ჩენტრალეს სტაცინთან” რომ “მაგდონალდია” მეგობართან ერთად იქ ვიჯექი გარე მაგიდასთან, ის იყო ყავის დალევას ვაპირებდით, რომ ქართველი ბიჭი მოგვიახლოვდა. იქნებოდა ასე ორმოც წლამდის, მოგვესალმა და ჩემს მეგობარს გაუბა საუბარი. მე ჩემს საფიქრალში ვიყავი გართული, ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, ეს ჩემს მეგობარს სჩვევია ქართველების მიმართ განსაკუთრებული თბილი ყურადღებით მოპყრობა, გავიგე არიგებდა: იმუშავეო, ახალგაზრდა ბიჭი ხარო, ოჯახს დაეხმარეო, მერე მამაკაცმა რაღაც იააფფასიანი ვერცხლისფერი ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და აჩუქა, “გულით გჩუქნიო და აიღეო”, – მოგვაძახა, გაბრუნდა და წავიდა.

მეგობარმა, ქართველი მაინც ქართველიაო, სხვანაირები ვართო გულიანებიო, მე ვთქვი ახალგაზრდა გოგო ხარ და რა გასაკვირია ალბათ მოეწონეთქო, კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი რომ ქართველი ბიჭი უკან დაბრუნდა, ხელში მეორე ბეჭედი ეკავა (დაახლოებით ისეთივე, ფერადკანიანები რომ დაატარებენ ხოლმე გასაყიდად), – ეს კიდევ თქვენო ქალბატონოვო თქვა და მაგიდისკენ იმაზე მეტად გადმოიხარა ვიდრე ბეჭდის მოწოდებას სჭირდებოდა სინამდვილეში. ჩემი მეგობრის სახის გამომეტყველება, ჩემს სკეპტიკურ განწყობას საბოლოოდ ანადგურებდა, იმდენად აღფრთოვანდა ქართველი ჯენტლმენის საქციელით. მე უხერხულად ვიგრძენი თავი, ერთიპირობა შემრცხვა კიდეც ჩემი უნდობლობის, და ისიყო მადლობის თქმას ვაპირებდი რომ არ მაცალა, – მე არაფერი მენანებაო ჩემი ქართველებისთვისო, მოგვაძახა და სწრაფადვე გაბრუნდა.

როგორი გულისამაჩუყებელი სცენაა ხომ მეგობრებო და მითუფრო სასიამოვნო იქნებოდა მისი წასვლის მერე რომ არ აღმოგვეჩინა, მაგიდაზე მეგობრის საკმაოდ ძვირად ღირებული “PRADA”-ს სათვალე რომ აღარ იდო. ძალიან გავმწარდით, სიტყვით რომ ვერ აღვწერთ ისე. გვერდით მაგიდაზე იტალიელმა ქალბატონმა, ჩვენი ვაი-ვიში რომ აღარ დამთავრდა, მორიდებით გვითხრა, თქვენთან რომ ბიჭი იყო იმან აიღოვო. მე გავჩუმდი, მეგობარმა: მე ვათხოვეო, სათვალეს არ ვეძებთო და მე მივხვდი რომ უცხოს თვალში მან დაიცვა ეროვნული ღირსება.

ახლა ტყუილად დავიწყებ მსჯელობას იმაზე, როგორ გავნადგურდით, ევროპაში თანამემამულე ქალბატონებს ქურდავ ქართველი მამაკაცი, ამაზე ამაზრზენი რა უნდა იყოს.

დღეს კვირაა, ის ალბათ ამ სათვალის გაყიდვას ქართველებში ეცდება. გთხოვთ თუ ვინმე იყიდით ამ ნივთს რომელიც, ჩემი მეგობრისთვის ძვირფასი ადამიანის სახსოვარია, შემეხმიანეთ და დაგიბრუნებთ იმ თანხას რაც გადაიხადეთ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts