გაბრიელა მელი: „დოკუმენტი არ ნიშნავს ინტეგრაციას“ – ემიგრანტების რეალური გამოწვევები იტალიაში

ქართული დიასპორული მედია

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების ინტეგრაცია მხოლოდ სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგებას არ გულისხმობს, ეს არის რთული სოციალური, კულტურული და ინსტიტუციური პროცესი. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინტერკულტურული მედიაცია. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა დიასპორული მედიაპლატფორმა AprioriTV-ს სოციოლოგს, ინტერკულტურულ მედიატორს, იტალიური ენის (L2) მასწავლებელსა და სოციალურ მუშაკ, დოქტორ გაბრიელა მელის.

სტატიის ავტორი: ხათუნა შარაძე


– ქალბატონო გაბრიელა, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ განმარტავდით ინტერკულტურული მედიაციის რეალურ მნიშვნელობას თანამედროვე იტალიაში? არის ეს მხოლოდ თარგმნის ფუნქცია თუ უფრო ღრმა სოციალური ინსტრუმენტი?

გაბრიელა მელი: ინტერკულტურული მედიაცია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე თარგმნა. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის უფლებების რეალიზებას და მშვიდ თანაცხოვრებას საზოგადოებაში. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ სერვისი, არამედ მიდგომა, როგორც ინსტიტუტებისთვის, ისე საზოგადოების თითოეული წევრისთვის. მედიაცია ნიშნავს განსხვავებული კულტურების, ხედვებისა და ტრადიციების მიღებას და მათ შორის კონსტრუქციული დიალოგის შექმნას. თანამედროვე მსოფლიო ვითარებაც ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია მოლაპარაკება, დიალოგი და ურთიერთგაგება.

– თქვენი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ის ძირითადი სირთულეები, რომლებსაც ემიგრანტები ყველაზე ხშირად აწყდებიან ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე?

გაბრიელა მელი: ემიგრანტები ხშირად ეჯახებიან იმავე სისტემურ პრობლემებს, რაც იტალიელ მოქალაქეებს აწუხებთ, თუმცა მათთვის ეს ბარიერები უფრო რთული და ზოგჯერ გადაულახავია. პირველ რიგში, ეს არის ბიუროკრატია და სამართლებრივი პროცესების ხანგრძლივობა, მაგალითად, თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის მრავალწლიანი პროცესი. ასევე სერიოზული პრობლემაა საჯარო სერვისებზე წვდომა, სადაც სისტემის სირთულეს ემატება ენობრივი ბარიერი.
განსაკუთრებით მწვავეა საცხოვრებლის საკითხიც, ქირის ფასების ზრდა და ქალაქების ტურისტიზაცია ამცირებს ხელმისაწვდომ ბინებს, ხოლო უცხოელების მიმართ უნდობლობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ამას ემატება ქვეკვალიფიციური დასაქმება, ბევრი ემიგრანტი მუშაობს თავისი განათლებისა და გამოცდილების ქვემოთ, რაც ქვეყნისთვისაც დაკარგული რესურსია.


– რამდენად გავლენას ახდენს ენობრივი ბარიერი ემიგრანტების ცხოვრების ხარისხზე და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის უგულებელყოფას?

გაბრიელა მელი: ენობრივი ბარიერი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ადამიანი დარჩეს საკუთარ ენობრივ სივრცეში, რაც ამცირებს მოტივაციას იტალიური ენის შესასწავლად. შედეგად, ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ვერ აღწევს საკმარის დონეს, რაც აფერხებს როგორც სოციალურ ინტეგრაციას, ისე პროფესიულ განვითარებას.
ასევე პრობლემაა საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ენის კურსები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ან ადაპტირებული მუშა ადამიანებისთვის. ხშირად ემიგრანტები აღწევენ საშუალო დონეს და შემდეგ აღარ აგრძელებენ განვითარებას, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს.

– რატომ ვერ სარგებლობენ ემიგრანტები ხშირად იმ სერვისებით, რომლებიც რეალურად ხელმისაწვდომია მათთვის?

გაბრიელა მელი: მიზეზები კომპლექსურია. ერთი მხრივ, სისტემა თავად არის რთული და არაორგანიზებული, მეორე მხრივ კი ემიგრანტებისთვის ამას ემატება ენობრივი და კულტურული ბარიერები. ხშირია ინფორმაციის ნაკლებობა ან მისი არასწორი გაგება.
აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინტერკულტურული მედიაცია, როგორც ინსტიტუციური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ადაპტირებულ კომუნიკაციას, და როგორც პიროვნული დამოკიდებულება, რომელიც ეხმარება ადამიანს უკეთ გაიგოს გარემო, სადაც ცხოვრობს.

– რა არის ის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ემიგრანტები უშვებენ ჯანმრთელობის, შრომითი უფლებებისა და ადმინისტრაციული პროცედურების მიმართულებით?

გაბრიელა მელი: ყველაზე ხშირი შეცდომა არის ე.წ. „მოკლე გზების“ ძიება ინფორმაციის მიღება დაუდასტურებელი წყაროებიდან, ე.წ. „პასაპაროლადან“ ან თვითგამოცხადებული „ექსპერტებისგან“. ასევე, ეკონომიკური საჭიროებების გამო, ადამიანები ხშირად თანხმდებიან არალეგალურ სამუშაო პირობებზე ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ უფლებებს. ეს კი ზრდის ექსპლუატაციის რისკს.
მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტებმა მიმართონ ოფიციალურ სერვისებსა და სანდო ორგანიზაციებს და არ დაეყრდნონ შემთხვევით ინფორმაციას.

– რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუციებსა და საზოგადოებრივ სექტორს შორის თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესში?

გაბრიელა მელი: ინტეგრაცია კომპლექსური პროცესია და მისი წარმატება მხოლოდ ქსელურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და მოხალისეობრივი სექტორი ერთად უნდა მუშაობდნენ.
ეს არის ერთადერთი მოდელი, რომელიც პრაქტიკაში მუშაობს, რადგან ემიგრანტების საჭიროებები მრავალმხრივია და მოითხოვს ინტეგრირებულ, ჰოლისტურ მიდგომას.

– რა რჩევებს მისცემდით დღეს იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს?

გაბრიელა მელი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, შეინარჩუნონ ცნობისმოყვარეობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობენ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მუშაობა, არამედ გარემოს, კულტურისა და სისტემის გაცნობა.
აუცილებელია იტალიური ენის სწავლა და მუდმივი განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტები არ ჩაიკეტონ მხოლოდ საკუთარ ეთნიკურ ჯგუფებში, საკუთარი იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტეგრაცია ნიშნავს კომუნიკაციას მასპინძელ საზოგადოებასთან.
იტალია სავსეა შესაძლებლობებით მათთვის, ვინც მზად არის ისწავლოს, განვითარდეს და გახდეს საზოგადოების აქტიური ნაწილი.

გაბრიელა მელის შეფასებით, ინტეგრაცია არის ორმხრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს როგორც სისტემურ ცვლილებებს, ისე ინდივიდუალურ ძალისხმევას. ინტერკულტურული მედიაცია ამ პროცესში რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ თანაცხოვრების ახალ კულტურას მრავალფეროვან საზოგადოებაში.

Exit mobile version