ემიგრაციის ფერად გზაზე: ქართველი ხელოვანი ქალი კონვერსანოდან

ემიგრაციის ფერად გზაზე: ქართველი ხელოვანი ქალი კონვერსანოდან

ზანდა ფურცელაძე – ქალი, რომელმაც სევდა ფუნჯში გადაიტანა და მონატრებას ფერებით ებრძვის. 14 წელი ემიგრაციაში… ყოველდღე უცხო ქვეყანაში გაღვიძება, მონატრებული ეზოს, შვილების ხმისა და სახლის სუნის გარეშე. ზანდა ფურცელაძე კარგად იცნობს ამ გრძნობას – ის ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, ვინც უცხო მიწაზე სევდიან გულს შრომაში ახშობს. მაგრამ ზანდამ იპოვა გზა, რომელმაც მონატრებას ფერები და სახე მისცა – ხატვა.
თვითნასწავლმა მხატვარმა კონვერსანოში პატარა იტალიური სახლის კედლები ტილოდ აქცია. სიჩუმეში, ღამით, როცა მთელი სახლი ისვენებს, ზანდა ფუნჯით საკუთარ ისტორიებს ჰყვება – თითოეული ნახატი არის სიტყვებად გაუმეტებელი ემოცია, გატეხილი გულის სიჩუმე და შინ დაბრუნების დაუწერელი ლოცვა.

„ჩემი ეზო სხვისი ფანჯრიდან არ ჩანს…“ – ამბობს ზანდა ფურცელაძე, ქართველი ემიგრანტი და თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც უკვე 14 წელია იტალიაში, პატარა ქალაქ კონვერსანოში ცხოვრობს.

სახლი, რომელიც პატარა გალერეა გახდა

უცხო ოჯახში მომსახურედ შესული ქალი დღეს იმავე სახლის კედლებზე საკუთარ ნამუშევრებს ფენს. როგორც თვითონ ამბობს, მას მისცეს უფლება, შეექმნა თავისი ფერადი სამყარო. ზანდამ ეს სამყარო ხელოვნებაში გადაიყვანა – ის სახლს პატარა გალერეად აქცია, სადაც თითო ნახატს თავისი მტკივნეული და იმედიანი ისტორია აქვს.

ფუნჯი – მისი სევდის ენა

„ინსპირაცია ჩემი შვილი იყო. ფუნჯი და საღებავები კი ჩემი სევდის ცისარტყელა გახდა“, – ამბობს ზანდა.
შეიძლება გარედან უბრალოდ ნახატად ჩანდეს, მაგრამ ზანდასთვის ეს კადრებია – დაუსრულებელი საუბრები, ჩახუტებები, რაც ვერ მოასწრო, და გრძნობები, რომელიც გულში დარჩა.

რომი – პირველი პერსონალური გამოფენა

პირველი პერსონალური გამოფენა რომში ზანდასთვის ყველაფერს ნიშნავდა. ფერებსა და სიუჟეტებში დამთვალიერებლები მის ტკივილს კითხულობდნენ. ერთ-ერთ ნახატში – მისი გარდაცვლილი მამის თვალებში – იმდენად დიდი სევდა ჩანდა, რომ გამოფენაზე ყველა ჩერდებოდა.
„მეკითხებოდნენ – ვინ არის? ვპასუხობდი – ჩემი მამიკოს თვალებია.“

მხატვარი საზღვრებს გარეშე

ზანდა არ ექვემდებარება კონკრეტულ სტილს – ხატავს იმას, რაც გულიდან მოდის. მკვეთრი ფერები მისი ხელწერაა, ხოლო სიუჟეტები – ცხოვრებისეული. ხატავს ყველაფერს: ნატურმორტებს, პეიზაჟებს, ფერადკანიან ქალებს, ყოველდღიურ ამბებს… არაფერია ზედმეტად ლამაზი ან ზედმეტად მტკივნეული მის ფუნჯისთვის.

სიჩუმე, ფერები და ქალის სიმტკიცე

„ჩემი ოცნება ბუნებაში ხატვაა, ან სახლში – მუსიკის ფონზე, მშვიდად… სამწუხაროდ, ეს კომფორტი არ მაქვს, მაგრამ შთაგონება მაინც მენახება,“ – ამბობს მხატვარი.

ზანდას ყოველდღიურობა ჩვეულებრივია – მოხუცის მოვლით დაკავებული ქალი, რომელიც თითო თავისუფალ წუთს ხატვისთის იყენებს. თუმცა ამ ჩვეულებრივობაშია მისი განსაკუთრებულობა – გამძლეობა, რწმენა და ძალა, რაც ემიგრაციაში ჩამოყალიბებულ ქალს გამოუმუშავდა.

სულიერი სიმტკიცე და შორეული ოჯახი

ემიგრაციამ ზანდა არა მხოლოდ დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე გახადა – ის სულიერად ძლიერიც გახდა.
„დედა, შვილები და შვილიშვილები – ეს არის ჩემი ოჯახი. გვირგვინი ალმასებით,“ – ამბობს იგი.
მიუხედავად მანძილისა, კავშირი მტკიცეა.
„ჩვენ შორის მანძილი არ არსებობს… თუმცა მაინც – ჩემი ეზო სხვისი ფანჯრიდან არ ჩანს.“

ზანდა ფურცელაძის ისტორია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ემიგრაციაში არ დაიკარგა და სევდიდან ხელოვნება შექმნა.

AprioriTV როგორც ემიგრაციის ხმა, სწორედ ასეთი ადამიანების ისტორიებს უთმობს ადგილს.


Exit mobile version