BREAKING

ემიგრაცია

„ასე დაიწყო ყველაფერი, ვერ ჩავთვალე სამართლიანად, არ მომასვენა სინდისმა, რაც ემიგრაციამ მასწავლა სხვებისთვის არ გამეზიარებინა“ – ხათუნა შარაძე

იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი, საემიგრაციო მედია AprioriTV-ს დამფუძნებელი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

ხათუნა შარაძე არის ემიგრანტი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას თავისი აქტიური საქმიანობით იქცევს. ის ასევე ცნობილი არის როგორც საზოგადოებრივი აქტივისტი, რომელიც აქტიურად საუბრობს ემიგრანტების პრობლემებზე და მათ უფლებებზე. მისი საქმიანობა ემიგრანტების მხარდაჭერასა და მათი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

„მას შემდეგ რაც საკუთარ თავგადასავლებს გიზიარებთ ბევრი რამ შეიცვალა. სულ ისეთი განცდა მრჩება, თითქოს სადღაც მთაში ვართ, კოცონს ვანთებთ და ირგვლივ შემომსხდარი, მხრებზე პლედებ შემოხვეულები ემიგრაციის ამბებს შეშასთან ერთად ვუკეთებთ აგიზგიზებულ ცეცხლს. ვზივართ ცეცხლის პირას და ჩვენს წარსულს ვწვავთ, წარსულს, რომელიც მძიმეა.

მას შემდეგ რაც საკუთარ თავგადასავლებს ხმამაღლა გიყვებით, თავი უკეთესი ვინმე მგონია, ადრინდელ ხათუნაზე ბევრად უკეთესი, რომელიც მუდამ შეთქმულების თეორიებს „იგონებდა“. მე ხომ ადამიანების და მათთან გულახდილობის მეშინოდა, ჰო და ერთხელ რომ მთელი ცხოვრება დავკარგე, უკან არაფერს მოვუხედე, რთული გადაწყვეტილების მიღება გავბედე, გავლენებს გავექეცი და იტალიელი მოხუცების პენსიის იმედზე დავიწყე ახალი ცხოვრების დაგეგმვა, მას შემდეგ ცხოვრებისეული გამოწვევების შიშიც დავკარგე. მოხუცების ხელებში შემხედველი, წარმოუდგენელი ძალით ვცდილობდი საკუთარი ხელების იმედი მქონოდა და მეკეთებინა ის საქმე რომელიც მიყვარს და არა ის რომელიც მჭირდებოდა. ასე გაჩნდა საემიგრაციო მედია AprioriTV, რომელსაც წინ მძიმე ისტორიები უძღვის, თუმცა იმ ადამიანების მადლობელი ვარ, ყოველი მათი ღალატი, ჩემში უფრო გონიერი ადამიანის ადგილს ათვისუფლებდა.

ემიგრანტებო, ახლა ჩვენ ცეცხლის პირას ვზივართ და ჩვენი შვილიშვილებისთვის მოსაყოლ ზღაპრებს ვაგროვებთ. ახლა რომ გვიყვებიან იტალიელი მოხუცები და არა მარტო მოხუცები, როგორ შექმნეს ზღაპრები ახალი თაობებისთვის.

ზღაპრებს თუ როგორ დავამარცხეთ ცხრა თავიანი დევები, როგორ ვუმკლავდებოდით ბოროტ დედინაცვალს, როგორ ვუხმობდით სალამურით საქართველოს, როგორ ვიზრდებოდით ასფურცელასავით ყოველდღიურად და როგორ ვცხოვრობდით ორ სხვადასხვა დროის სარტყელში, ორ სხვადასხვა ცივილიზაციაში და როგორ ვიდექით ხიდის შუაგულში ორი დროშით…

ემიგრაციამ, ერთდროულად საკუთარ თავთან ერთად, სხვებზე ზრუნვაც მასწავლა. ვერ ჩავთვალე სამართლიანად, არ მომასვენა სინდისმა რაც ვისწავლე, რაც ემიგრაციამ მასწავლა სხვებისთვის არ გამეზიარებინა. ასე დაიწყო ყველაფერი, ამბების გაზიარებით, ცოდნით რომელსაც ქუჩაში ვაგროვებდი, სამსახურში, უწყებებში, მეზობლებში, „კაფებსა“ და „პატრონატოებში“, ზღვის სანაპიროდან, მატერებლებში, „ქვესტურიდან“ და ა.შ. სხვათა შორის ქუჩაში სარეცხის სარჭებსაც ვაგროვებდი, დიახ, პირველი თვეები სარეცხს მოძეული სარჭებით ვფენდი, ახლაც ვინახავ რამდენიმე მოძეულ სარჭს, რომ არასდროს დამავიწყდეს რა გზა გამოვიარეთ. ასე რამ შეგაშინაო ნუ იტყვით, მომდევნო დღის კი არა და მომდევნო საათისაც კი მეშინოდა, არ ვიცოდი საიდან რა, როგორ ან რანაირად უნდა დამეწყო!

მას შემდეგ რაც საკუთარი თავგადასავლებს ხმამაღლა გიყვებით, ჩემი ემიგრაციაც შეიცვალა. სხვა ქვეყანაში ცხოვრების აღარ მეშინია. აღარ მეშინია ადამიანების და სიკვდილის. სიკვდილამდე კი, საქართველოში, მთაში სახლი მექნება და მარიამის შვილებს იმ ზღაპრებს მოვუყვები, რომელსაც ემიგრაციაში ვწერ. დავანთებ კოცონს და ჩემს შვილიშვილებს იმ ემიგრანტ ქალებზე მოვუყვები, რომლებმაც საქართველო გადაარჩინა!

ხათუნა შარაძე „მე, იტალია და მარიამი“

#იტალია #საქართველო #ემიგრაცია

#ამბები#ისტორია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts