„ემიგრანტი ის ქალია, ვინც თავი გაიმეტა“- ეკა ოთარაშვილი რუბრიკაში ,,ძლიერი ქალები ემიგრაციაში”

„ემიგრანტი ის ქალია, ვინც თავი გაიმეტა“

„ემიგრანტი ის ქალია, ვინც თავი გაიმეტა“ – ინტერვიუ პოეტ ეკა ოთარაშვილთან, რომელიც ბარში ცხოვრობს.

ავტორი: ნინო ბოლაშვილი.

ეკა ოთარაშვილი უკვე 11 წელია, რაც ემიგრაციაშია. ის ცხოვრობს იტალიის ქალაქ ბარში, მუშაობს ადგილობრივი ონლაინ ტელევიზია „Merani TV“-ს მოყვარულ ჟურნალისტად და წერს პოეზიასა და პროზას. წლების წინ იგი საქართველოში სამედიცინო სფეროში 25 წლის მანძილზე მოღვაწეობდა. დღეს კი მისი ცხოვრება, განცდები და შემოქმედება ემიგრანტული ყოფის ტკივილზე, ძალასა და ადამიანურ ღირსებაზე მოგვითხრობს. ემიგრაციის საწყისი – გზაჯვარედინი ცხოვრებისგან „იტალიაში ჩამოვედი 11 წლის წინ. მიზანი, მიზეზმა განაპირობა – ეკონომიური მხარე“, – ასე მოკლედ და გულწრფელად იხსენებს ეკა ემიგრაციის დასაწყისს. თუმცა ყველაზე მძაფრი ემოცია, რომელიც მას დღემდე თან სდევს, არის ოჯახის წევრებთან გამომშვიდობება. „ოჯახთან გამომშვიდობების ტკივილი არ მგონია, რომელიმე ემიგრანტს დაავიწყდეს. ცდილობ შენიანები გაამხნევო და შენი სულის დუღილს – ისევ სულში იბრუნებ.“ პირველი წლები ემიგრაციაში, როგორც თვითონ ამბობს, დღემდე მძიმეა გასახსენებლად: „წარმოიდგინეთ, რომ ხართ გვარი, სახელი და ერთი სამგზავრო ჩანთა. არავინ და არაფერი სხვა. ყველაფერს იწყებთ თავიდან.“

პოეზიიდან პროზამდე – ემიგრანტული ტრანსფორმაცია ეკა ოთარაშვილი თავიდან პოეზიას ქმნიდა, თუმცა ემიგრაციამ მისი შემოქმედება პროზისკენ მიაბრუნა. „დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. ვეღარ დავტიე ჩემი განცდები პოეზიაში და პროზას შევბედე. იქ, სადაც ყველაფერი ხმამაღლა ითქმის და მე ვიტყვი – ეს ჩემია.“

მისი ლექსები და მოთხრობები ემყარება დღევანდელობას, რეალურ განცდებსა და სოციალურ კონტექსტს: „მუზა ყოველდღიურობას მოაქვს – თუმცა ყოველთვის არა. ზოგჯერ შორსაა, ზოგჯერ – ზედმეტად ახლოს.“ ახალ წიგნს, რომელიც ახლახან დაასრულა, „მარტოხელა მგლები ჩუმად არიან“ ჰქვია – სათაურიდანვე იგრძნობა სიჩუმის მიღმა დაგროვილი ამბები, რომლებსაც ხშირად ემიგრანტები საკუთარ თავში ატარებენ.

ქალი ემიგრაციაში – გამძლეობა და თვითგადარჩენა ეკას აზრით, ემიგრანტი ქალი თავისთავად უკვე ძლიერი არსებაა: „ემიგრანტი – უკვე ძლიერ ქალს ნიშნავს. გამოწვევაა ყველა დღე, რომელსაც ღირსეულად უნდა უპასუხო.“ ის ამბობს, რომ ემიგრაციაში ყოფნა სრულად ცვლის ადამიანს – ანადგურებს ჯანმრთელობასა და ფსიქიკას, ხშირად კი – უნებურად გვაშორებს ჩვენიანებსაც. მაგრამ გამოწვევებმა მას, პირადად, ერთდროულად უბიძგა უფრო დიდი გამბედაობისკენ: „გამოწვევამ მაიძულა, ჩემი პროზაული კრებული ორენოვანი ყოფილიყო.“

ბარში დღეს ეკა მუშაობს ჟურნალისტად „Merani TV“-ში – ამ პროფესიაში ის პოულობს იმ სივრცეს, სადაც შეუძლია როგორც ემიგრანტის, ისე შემოქმედის ხმით საუბარი. „ახლა დავასრულე ახალი კრებული… პარალელურად ვმუშაობ ინტერვიუებზე და რეპორტაჟებზე. ჟურნალისტიკაც ჩემია – ისეთივე ემოციური, როგორც პოეზია.

საქართველო თუ იტალია – სად არის მომავალი? ეკასთვის მომავალი ყოველთვის საქართველოში წარმოედგინა, მაგრამ ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა: „ჩემს თავს მომავალში არასოდეს ვხედავდი იტალიაში, მაგრამ აქ ვარ… ‚კაცი ბჭობდაო‘ ხომ გაგიგონიათ.“

ეკა ემიგრანტ ქალებს ასეთ რჩევას აძლევს „ბოლომდე ნუ გაიმეტებენ თავს. იფიქრონ საკუთარ თავზე ისე, როგორც ოჯახებზე ფიქრობენ. არ მისცენ საკუთარ თავებს დავიწყების შესაძლებლობა.

რა უნდა შეიცვალოს საქართველოში? ეკა პირდაპირ ამბობს – საქართველოში იმისთვის, რომ ემიგრაცია შეწყდეს, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. საჭიროა ძირეული ცვლილებები: „სამსახურები უნდა შეიქმნას. ხელფასები და პენსიები გაიზარდოს. თან ისე, რომ არ გაიზარდოს ფასები პროდუქტებზე, წამლებზე და სხვა აუცილებელ პროდუქტებზე.“

ეს ინტერვიუ არა მხოლოდ ემიგრანტი ქალის, არამედ ძლიერი ადამიანის ხმაა, რომელიც უმძიმეს რეალობაში ქმნის, წერს და სხვებსაც არწმუნებს, რომ ღირსეულად ცხოვრება შესაძლებელია… იმ შემთხვევაშიც კი, თუ „მარტოხელა მგლები ჩუმად არიან“.

© AprioriTV – ემიგრანტების ხმა იტალიაში დამატებითი მასალები და ემიგრანტების ამბები იხილეთ: www.aprioritv.com -ზე

სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი

Exit mobile version