საქართველოში ადგილობრივი კანონმდებლობა ოჯახში დასაქმების ცნებას არ ცნობს, ქვეყანას არც ოჯახში დასაქმებულების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2011 წელს მიღებული კონვენცია აქვს რატიფიცირებული. შესაბამისად, ოჯახში დასაქმებულები იმ საბაზისო უფლებებითა და სიკეთეებით, რომლებსაც ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ვერ სარგებლობენ. საქართველოში ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა — 99% ქალია, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათი შრომითი უფლებების დაცვას აქტიურად უჭერს მხარს.
ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს თანამშრომლობა ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციასთან, რომელმაც 2025 წლის ივნისში საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფესიული კავშირი დააფუძნა. გაერთიანება მიზნად საოჯახო მშრომელების ორგანიზებასა და მათი უფლებების დაცვას ისახავს. კავშირს უკვე 100-მდე წევრი ჰყავს, რომელთა შორის ძიძები, დამლაგებლები, რეპეტიტორები, ბავშვთა პერსონალური ასისტენტები, ექთნები, მზარეულები, მოხუცის მომვლელები და ესთეტიკის სფეროს მშრომელები არიან.
„პროფესიული კავშირი ერთად ბრძოლის გადაწყვეტილებაა — როცა პროფესიით ან შრომის მსგავსი გამოცდილებით ადამიანები საერთო ინტერესების გარშემო იკრიბებიან და გამოწვევებთან გასამკლავებლად გზებს სახავენ. პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ“, – აღნიშნავს საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირის თანადამფუძნებელი ინა ჩარკვიანი.
საოჯახო მშრომელებმა გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა 2020 წლიდან, COVID-19-ის პანდემიის დროს დაიწყეს, როცა არაფორმალურად დასაქმების გამო, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათებითა და დახმარებებით ვერ ისარგებლეს, სამსახურები მასობრივად დაკარგეს, ან საგრძნობლად გაუარესებულ პირობებში განაგრძეს შრომა. ეს კი მათთვის ბიძგად და მოტივაციად იქცა, ეფიქრათ ერთობის ჩამოყალიბებაზე, შრომის აღიარებისა და ფორმალიზაციის მნიშვნელობაზე, რის შემდეგაც ორგანიზება დაიწყეს, ძიძებისთვის წერილობითი ხელშეკრულების ფორმა შექმნეს და შრომის უფლებებზე პირველი კონსულტაციები გამართეს.
უკვე 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში დასაქმებული ქალების გაძლიერების, მათი შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად, ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია იურიდიულად დაფუძნდა. ასოციაცია 300-მდე ოჯახში დასაქმებულ ოფიციალურ წევრს აერთიანებს და მათ სატელეფონო და იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებამ ოჯახში დასაქმების სამუშაო გააფართოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად საოჯახო შრომის საკითხი იკვლია, დააფუძნა მუდმივმოქმედი ცხელი ხაზი (551811911) და შეხვედრის ადგილი — სამუშაო სივრცე საოჯახო მშრომელების ორგანიზებისთვის, რომელიც თბილისში, თაბუკაშვილის 14-ში მდებარეობს.
2024 წელს ასოციაციამ საოჯახო მშრომელების დასაქმების ცენტრიც დააარსა. ცენტრი ოჯახში დასაქმებით დაინტერესებულ ქალებს დამსაქმებლის მოძიებასა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებაში ეხმარება, რაც მათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე შეუფერხებლად წვდომის საშუალებას აძლევს.
ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენს საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფესიული კავშირის დაფუძნება, რომელიც უახლოეს პერიოდში ემიგრაციისა და ემიგრანტი საოჯახო მშრომელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობასაც დაიწყებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია კავშირთან თანამშრომლობასა და მისი საქმიანობის მხარდაჭერას სამომავლოდაც განაგრძობს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის თანამშრომლობა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. პროექტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.