იტალიაში ემიგრაციამ არაერთ ქართველს მისცა არა მხოლოდ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა, არამედ საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენის შანსიც. ერთ-ერთი მათგანია სამტრედიიდან ია თავაძე, რომელიც დღეს ნეაპოლში ცხოვრობს და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ხელოვნება, რომელმაც მისი ემიგრანტული ყოფა შინაგან სიმშვიდედ და შემოქმედებით ენერგიად აქცია.
📌 ინტერვიუ ჩაწერა ემიგრანტმა თეონა ჭანტურიამ
ია თავაძე იტალიაში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. საქართველოში დარჩა მისი ოჯახი, მეუღლე და ორი ქალიშვილი. როგორც თავად ამბობს, ემიგრაციის ყველაზე რთული ნაწილი სწორედ საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნაა:
„შვილები ჩემი სამყაროა. მათი ღიმილი მაძლევს ძალას, რომ ვიყო ძლიერი. ძალიან ძნელია ოჯახის გარეშე ცხოვრება უცხო ქვეყანაში, მაგრამ როდესაც იცი, რომ ეს ნაბიჯი მათი მომავლისთვის გადადგი, ცდილობ გაუძლო ყველაფერს.“
იტალიაში ჩამოსვლიდან მხოლოდ ცხრა თვეში მოხდა ის, რასაც თავად „ბედისწერის მინიშნება“ უწოდა. სალერნოში, ტირენიის ზღვის სანაპიროზე სეირნობისას, ზღვის ქვების მრავალფეროვნებამ მისი ყურადღება მიიპყრო. ჩვეულებრივმა სეირნობამ სრულიად ახალი შემოქმედებითი პროცესი შვა, ქვებში მან ფორმები, ფიგურები და ადამიანური ემოციები დაინახა.
პირველი ნამუშევარი „ქალის გამოსახულება“ სწორედ ზღვის სანაპიროზე შეიქმნა.



„დავაკვირდი ქვებს და თითქოს მათში უკვე არსებული ფორმები დავინახე. იქვე ავაწყვე პირველი კომპოზიცია. იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა,“ – იხსენებს ია.
ინტერნეტში მოძიებულმა ინფორმაციამ კიდევ უფრო დააინტერესა, ქვით ხატვა (Pebble Art) იშვიათი და სპეციფიკური მიმართულებაა, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ხელოვანი მისდევს. საქართველოში კი ამ ტექნიკით მომუშავე ადამიანები ფაქტობრივად ერთეულები არიან.
სალერნოს სანაპიროდან შეგროვილი ქვები თავის, ტანის, ხელისა თუ სხვა ფიგურების ფორმებით ნეაპოლში დაბრუნებულმა უკვე შეგნებულად გადააქცია კომპოზიციებად. დღემდე დაახლოებით 8 კილოგრამამდე მასალა აქვს შეგროვებული, რომელთა თითოეულს საკუთარი „ხასიათი“ აქვს.
მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია: დედა და შვილი, შეყვარებული წყვილები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ცხოველები და ფრინველები და ყვავილოვანი კომპოზიციები.
ქვით ხატვის პროცესი განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ია ამბობს, რომ კომპოზიციის შექმნა მხოლოდ პირველი ეტაპია, ყველაზე რთული ეტაპი ქვების ფიქსაციაა:
„აფორიაქებული ვერ იმუშავებ. სიმშვიდე აუცილებელია. ქვა ისე უნდა დააწებო, რომ ნამუშევარმა ხასიათი არ დაკარგოს. საბოლოო შედეგს ადამიანები ჩარჩოში ხედავენ, მაგრამ მანამდე თითოეული ნახატი დიდ და რთულ გზას გადის.“
მისი ნამუშევრების ნაწილი უკვე საქართველოშიც ინახება, ოჯახში ან საყვარელი ადამიანების სახლებში. ზოგიერთი მათგანი უნიკალურია და არ მეორდება, რადგან შესაბამისი ფორმის ქვა ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.



ინტერნეტ სივრცეში ია თავაძის ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნამუშევარი უკვე გაიყიდა, ავტორი ამ ეტაპზე თავს იკავებს აქტიური კომერციალიზაციისგან, მისი მიზანი საქართველოში პერსონალური გამოფენის მოწყობაა.
„გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა, ხალხისთვის რაღაცით დამემახსოვრებინა თავი. მინდოდა შემექმნა რამე, რაც ემოციას გამოიწვევდა. ზღვის ქვებში კი ყველა ემოცია ერთად აღმოვაჩინე.“
ია თავაძე ამბობს, რომ იტალიის გარეშე საკუთარ თავში ამ ნიჭს ვერასოდეს აღმოაჩენდა:
„მადლიერი ვიქნები იტალიის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ემიგრანტული დღეების შემსუბუქებაში ეს ხელოვნება ძალიან დამეხმარა.“
სამომავლო გეგმები უკვე ჩამოყალიბებულია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ტირენიის ზღვის ქვებს შავი ზღვის ქვებიც შეემატება.

📌 ინტერვიუ ჩაწერა ემიგრანტმა თეონა ჭანტურიამ
📺 მასალა მომზადებულია AprioriTV-სთვის — ქართული დიასპორის ხმის გასაძლიერებლად იტალიაში
🌐 https://aprioritv.com









